ადრენალინი 0.1%

ადრენალინი 0.1%
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ადრენალინი 0.1%
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): EPINEPHRINE (ADRENALINI TARTRAS)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადრენო მიმეტური საშუალება
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 1მგ/მლ 1 მლ ი.ვ. ი.მ. და კანქვეშ საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C01CA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 0.1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ადრენალინი . . . . . . . . . 1 მგ
(რაც 1.8 მგ ადრენალინის წყალბადი ტარტრატის ექვივალენტურია)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პიროსულფიტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ადრენერგული და დოფამინერგული აგენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადრენალინი წარმოადგენს ორგანიზმში წარმოებულ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონს.
მისი ფუნქციაა კანისა და ვისცერალური სისხლძარღვების შევიწროვება, გულის შეკუმშვის ძალის მომატება, გულის გამტარობისა და შეკუმშვების სიხშირის გაზრდა, ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნის მომატება, ხოლო დაბალი დოზების მიღებისას საერთო პერიფერული რეზისტენტობის შემცირება. გულის ფუნქციის სტიმულაცია და პერიფერული რეზისტენტობის მომატება იწვევს სისტოლური წნევის მომატებას.
ადრენალინი იწვევს ბრონქების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების რელაქსაციას და გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. იგი ასევე ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.

ჩვენებები
– გულის უეცარი გაჩერების დროს ინოტროპული საშუალების სახით ისეთ სიტუაციებში, როდესაც სხვა მსგავსი საშუალებები არაეფექტურია;
– ანაფილაქსური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს;
– ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;
– ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ადიუვანტის სახით, მათი შეწოვის შენელების მიზნით.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი გამოიყენება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მოზრდილები:
გულის უეცარი გაჩერების დროს: ვენებში კეთდება სწრაფი ინექცია (ბოლუსური) დოზით 0.5–1.0 მგ ყოველ 3-5 წუთში. საჭიროებისას, ადრენალინი მიიღება ინტრატრაქეალურად პაციენტის ინტუბაციის შემდეგ. ამ მიზნით, 1 მგ უნდა განზავდეს 10 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდში ან გამოხდილ წყალში.
ინოტროპული საშუალების სახით მიღებისას: 5 მგ ადრენალინი (5 მლ) უნდა გაზავდეს 500 მლ 5%-იან გლუკოზაში (=10 µგ/მლ). ინექციის გაკეთება იწყება სწრაფად 2-8 µმგ, ხოლო შემდეგ ინფუზია 1-20 µგ/წუთში.

ანაფილაქსური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს: ჰიპოტენზიის დროს ვენებში კეთდება 0.1 მგ (0.1 მლ).
ნორმალური არტერიული წნევისას კანქვეშ ან კუნთებში კეთდება 0.3-0.5 მგ. ანაფილაქსური შოკის დროს კანქვეშ დოზების გამეორება შეიძლება ყოველ 10-15 წუთში.
ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად: კანქვეშ ან კუნთებში: 0.3-0.5 მგ. დოზების გამეორება შეიძლება 20 წთ – 4 სთ ინტერვალებით.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ადიუვანტის სახით: ხსნარი 1:200000-1:100000 უნდა შეერიოს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას. (0.1 მგ ადრენალინი უნდა განზავდეს 20 მლ ანესთეზიურ საშუალებასთან, რის შედეგადაც მიიღება ხსნარი 1:200000 ან 5 µგ/მლ). მაქსიმალური დოზა 250 µგ (3-5 µგ/კგ).

ბავშვებში გამოყენებული ჩვეულებრივი დოზირება:
კანქვეშ და კუნთებში: ახალშობილები და ჩვილები 3 თვემდე: 0.05-0.1 მლ ერთჯერადი დოზა. 4 თვიდან 14 წლამდე: 0.2-0.3 მლ ერთჯერადი დოზა. 15-დან 18 წლამდე – 0.4 მლ ერთჯერადი დოზა.
ანაფილაქსური შოკის დროს კანქვეშ და კუნთებში ინექციის გამეორება შეიძლება 3-ჯერ ყოველ 5-20 წუთში.
გულის უეცარი გაჩერებისას: ვენაში ნელა კეთდება 10 µგ/კგ/სხეულის წონაზე, ხოლო საჭიროებისას 3 წუთის შემდეგ 10-100 µგ/კგ/სხეულის წონაზე.
ანაფილაქსური შოკის დროს: ვენებში კეთდება ნელი ინექცია დოზით 10-30 µგ/კგ/სხეულის წონაზე.
თუ პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
კარდიოვასკულარული: არტერიული წნევის მომატება, გულის არითმიები, ტაქიკარდია, რეტროსტერნული ტკივილები და ზოგჯერ სინკოპე.
ნერვული სისტემა: ტრემორი, აგზნება, გაღიზიანება, თავის ტკივილები, უძილობა.
სხვა: დისპნოე, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციების მომატება შრატში.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა სახის გვერდითი ეფექტები, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
– ჰიპოვოლემიური შოკი;
– ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;
– პარკინსონიზმი;
– პროსტატის ჰიპერპლაზია.
გაფრთხილება: ადრენალინი არ გამოიყენება ინტრაკარდიალურად კორონარული სისხლძარღვების შესაძლო დაზიანების გამო.

ორსულობა და ლაქტაცია
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ადრენალინის გამოყენება ორსულობისას დასაშვებია, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ადრენალინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ადრენალინის მიღებისას:
– პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტენზია ან გულის არითმიები, ვინაიდან ეს პრეპარატი ასტიმულირებს სიმპათიკურ ტონუსს;
– პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერთიროიდიზმი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია და დიაბეტი;
– როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან იგი ახანგრძლივებს ანესთეზიას და აფერხებს ანესთეტიკების აბსორბციას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებისას:
– ხსნარის ინექცია დაუშვებელია სხეულის დისტალურ ნაწილებში (თითები, ყურები, ცხვირი, მამაკაცის სასქესო ორგანო);
– პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ხსნარის ფერი; სითხე უნდა იყოს უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე (პრეპარატი არ გამოიყენება, თუ ხსნარი შეიცვლის ფერს ან ამპულაში გაჩნდება ნალექები).
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა: ადრენალინი იწვევს ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ხანმოკლე მოშლას და ამდენად უარყოფითად მოქმედებს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, არითმია, არტერიული წნევის მომატება, მიდრიაზი, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, კუნთების ტრემორი, აგზნება, ფსიქომოტორული აგზნება.
ჭარბი დოზის შედეგები ხანმოკლეა და არ საჭიროებს თერაპიას. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ვენებში ისეთი სწრაფმოქმედი ნივთიერების შეყვანა, რომელიც თრგუნავს ბეტაადრენერგიულ რეცეპტორებს (მაგ. პროპრანოლოლი). ასევე შესაძლებელია ნიტროგლიცერინის გამოყენება ენის ქვეშ.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ის ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა.
საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგ. ჰალოტანი) ერთად ადრენალინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულის არითმიები, მათ შორის ვენტრიკულური ფიბრილაცია.
ადრენალინი არ გამოიყენება დიგიტალისის, საგულე გლიკოზიდებისა და ქინიდინის მაღალ დოზებთან ერთად, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გულის კუნთის სენსიტიზაცია ბეტაადრენერგული პრეპარატების მიმართ და გულის არითმიები.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გუანეთიდინი, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ანტიჰისტამინური და ლევოთიროქსინ ნატრიუმი ზრდიან ადრენალინის ეფექტებს.
ადრენალინი ასუსტებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტებს და ანტაგონისტურად მოქმედებს ა-ადრენოლიზურების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით (გადაუდებელ შემთხვევებში-ურეცეპტოდ).