ეპიდუო – აკნეს საწინააღმდეგო გელი

ეპიდუო საფრანგეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც გელის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის ადაპალენსა და ბენზოილ პეროქსიდს შეიცავს. კერძოდ, 1 გრ გელში 1 მგ (0.1%) ადაპალენი და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდი შედის. ეპიდუოს ერთ ტუბში 30 გრამი გელია მოთავსებული. პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა.

აფთიაქებში ასევე ხელმისაწვდომია ეპიდუო ფორტე, რომელშიც ადაპალენისა და ბენზოილ პეროქსიდის დოზა 1 გრ-ში, შესაბამისად, 3 მგ-სა (0.3%) და 25 მგ-ს (2.5%) შეადგენს. პრეპარატი აღნიშნული დოზირებითაც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისთვის გამოიყენება ეპიდუო?

ეპიდუოს გელი აკნეს სამკურნალო კომბინირებული პრეპარატების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. ის აკნეს ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება.

როგორც აღვნიშნეთ, გელი ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს შეიცავს. პირველი მათგანი რეტინოიდების ჯგუფში შედის და Acne vulgaris-ზე პათოგენურად მოქმედებს. ამ უკანასკნელს თან ახლავს კომედონები, შავი და თეთრი წერტილები, ასევე პაპულები და პუსტულები (ანთებითი მუწუკები).

ადაპალენი უჯრედთა დიფერენციაციისა და კერატინიზაციის პროცესებზე ძლიერი მოდულატორული თვისებებით ხასიათდება და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ადგილობრივი გამოყენებისას ნივთიერება ფოლიკულების ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზაციას განაპირობებს, რა გზითაც მიკროკომედონების წარმოშობას ამცირებს.

რაც შეეხება გელის მეორე აქტიურ ნივთიერებას, ბენზოილ პეროქსიდი ანტიმიკრობული მოქმედებით ხასიათდება. იგი არბილებს კანს და მისი გარე ფენის აქერცვლას უწყობს ხელს.

როგორ გამოვიყენოთ აკნეს საწინააღმდეგო გელი?

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის დოზას ექიმი განსაზღვრავს. ამიტომ გელი მხოლოდ სპეციალისტის მითითებების შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. 

ეპიდუოს გელის გამოყენება დღეში ერთხელ, 12 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის არის რეკომენდებული. სასურველია გელი საღამოს წაისვათ. მანამდე კანი კარგად უნდა გაისუფთაოთ და გაიმშრალოთ. ეცადეთ, გელი თვალებსა და ლორწოვან გარსებზე, ტუჩებთან და ნესტოებთან არ მოხვდეს.

როდესაც დარწმუნდებით, რომ კანი სუფთა და საკმარისად მშრალია, მასზე გელის თხელი ფენი წაისვით. ის სახესა თუ სხეულზე, აკნეთი დაზიანებულ არეალში, თანაბრად უნდა გაინაწილოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობას, კლინიკური მაჩვენებლების შეფასების შემდეგ, ექიმი განგისაზღვრავთ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

შესაძლოა, გელით მკურნალობის დაწყებისას კანის გაღიზიანება და ჰიპერემია აღინიშნოს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირებაა რეკომენდებული, მაგალითად ყოველ მეორე დღეს. თუ უკურეაქცია მაინც აღინიშნა, შეგიძლიათ, გელის გამოყენება დროებით შეაჩეროთ.

აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია პრეპარატის ჭრილობებსა ან ეგზემატოზურ კანზე გამოყენება. ამასთან, თუ გელი ლორწოვან გარსებზე ან თვალში მოხვდება, ის თბილი წყლით დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ.

ეპიდუოს გელის წასმის შემდეგ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას მოერიდეთ. დაუკავშირდით ექიმს, თუ საჭიროზე მეტი გელი გამოიყენეთ, პრეპარატი გადაგეყლაპათ ან ის ბავშვმა მიიღო. სპეციალისტი გირჩევთ, რა ზომებს მიმართოთ.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენების გამოწვევა ამ პრეპარატსაც შეუძლია, მაგრამ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.

ეპიდუოს გელის ხშირ გვერდით მოვლენებს შორის არის კანის ადგილობრივი გაღიზიანება, წვის შეგრძნება, სიმშრალე, სიწითლე და აქერცვლა.

არახშირ გვერდით მოვლენებს შორის ვხვდებით კანის ქავილსა და მზით დამწვრობას.

უცნობი სიხშირით შეიძლება აღინიშნოს სახის, მათ შორის ქუთუთოების შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება, გამონაყარი ან ქავილი, ასევე ანაფილაქსიური რეაქცია.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას ექიმს მიმართეთ.